ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 26 წლის ლანა ლატარიას დედის თხოვნას ავრცელებს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა საზოგადოებას სთხოვს, სანამ შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, თავი შეიკავონ გარდაცვალების მიზეზის სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისგან.

"ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა.

კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა. გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო. გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ.

მატირონ შვილი. მამამისს ატირონ შვილი“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა.

3 აგვისტოს, ლანა ლატარიას მამამ, ზაალ ლატარიამ დაწერა, რომ მას გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენების უფლება არ მისცეს. ზაალ ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ მიიღო. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ზაალ ლატარიას სტატუსს დღეს, 4 აგვისტოს, ფეისბუკზე გამოეხმაურა ერთ-ერთი სასულიერო პირი მიქაელ ბრეგვაძე. სასულიერო პირმა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზად აბორტი დაასახელა, რასაც ოჯახი უარყოფს.