აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის დასრულება მის სურვილზეა დამოკიდებული. 

მისივე თქმით, ომი დასრულდება "ნებისმიერ დროს", როცა მას სურს.

"როცა მენდომება, რომ დასრულდეს, დასრულდება. იქ სამიზნეები აღარ არის, ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკს გაცილებით ვასწრებთ. ჩვენ მათ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველი ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ტრამპმა.

გამოცემა N12 აღნიშნავს, რომ ტრამპის ხმამაღალი განცხადებების ფონზე, ისრაელისა და ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ შიდა მოლაპარაკებების დროს ომის შესაძლო დასრულების თარიღის შესახებ არანაირი მითითება არ ყოფილა.

28 თებერვლიდან, შეერთებული შტატები, ისრაელთან ერთად, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებს. ომის პირველ ორ დღეში შეერთებულმა შტატებმა 5.6 მილიარდი დოლარი დახარჯა საბრძოლო მასალაში - გაცილებით მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო.

საპასუხოდ, ირანის რეჟიმმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ დარტყმები დაიწყო. მისი სამიზნე ქუვეითი, საუდის არაბეთი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, აზერბაიჯანი და თურქეთიც კი გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, ირანმა ორმუზის სრუტეში გემების, მათ შორის ნავთობის გადამზიდავი გემების, გავლა დაბლოკა. ამან ნავთობის ფასების ზრდა და შესაბამისად, ბენზინის ფასების ზრდის გამო ლოგისტიკური ხარჯების ზრდა გამოიწვია.

დასავლური დაზვერვის ცნობით, რუსეთი ირანს ეხმარება უკრაინაში ომის დროს გამოცდილი დრონების ტაქტიკით, რათა აშშ-სა და სპარსეთის ყურეში სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზების დასაცავად დრონები და ექსპერტების ჯგუფი გაგზავნა.