აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინმა ფაქტობრივად აღიარა, რომ AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის რაკეტებმა ჩამოაგდეს.

"რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ გაშვებული ორი რაკეტა AZAL-ის თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვდა, არამედ რამდენიმე მეტრის მოშორებით აფეთქდა“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ტრაგედიის დროს ცაზე სამი უკრაინული დრონი იყო, რომლებმაც იმ დღეს გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი.

"რუსეთი, შეთანხმებების შესაბამისად, სრულ თანამშრომლობას უწევს გამოძიებას აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამოძიების საქმეში“, - განაცხადა პუტინმა.

გასული წლის 25 დეკემბერს AZAL-ის სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა, თუმცა კურსი შეიცვალა და აქთაუს აეროპორტიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. ავიაკატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.