"ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის" დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ, ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე, - ამის შესახებ მსახიობების განცხადებაშია აღნიშნულია, რომელიც თეატრთან, დოიაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მსახიობმა კახა კინწურაშვილმა წაიკითხა.

"დღეს არალეგიტიმურმა კულტურის სამინისტრომ ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით დოიაშვილი, რადგან მან გაბედა და ხმა აიმაღლა იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რის წინაშეც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვდგავართ.

დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს.

ჩვენ, "ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრის" დასი, რომლის წევრიც ამჟამად უსამართლო ტყვეობაშია წინსვლას და განვითარებას დავით დოიაშვილის ხელმძღვანელობის გარეშე ვერ ვხედავთ. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებთ. ვდგავართ მასთან ერთად და ვიდგებით გამარჯვებამდე", - აცხადებენ მსახიობები.