საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა.

ჰააგის სასამართლოს განცხადების თანახმად, ასევე გაცემულია ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის და "ჰამასის“ ლიდერის მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი.

საერთაშორისო სასამართლოს განცხადებით, არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად“, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი ჩართული იყვნენ ქმედებებში, რომლებიც მისი იურისდიქციის ქვეშ სამხედრო დანაშაულებს წარმოადგენს.

ისრაელი, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, გამუდმებით უარყოფს სასამართლოს უფლებამოსილებას და აცხადებს, რომ პოლიტიკურად არის მიკერძოებული ისრაელის წინააღმდეგ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამით მან თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია დაკარგა. მინისტრის თქმით, სასამართლომ იმოქმედა  როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა და აბსურდული ორდერები გასცა.