აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ღამით განაცხადა, რომ ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა.

"დიდი დღეა მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, მათთვის საკმარისია! საკმარისია მათთვის! ასევეა ყველა დანარჩენისთვისაც! ირანს უკვე შეუძლია, აღდგენის პროცესი დაიწყოს.

ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში გემების გადატვირთვის პრობლემის მოგვარებაში. უამრავი პოზიტიური ქმედება განხორციელდება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მოვამარაგებთ ყველანაირი სახის რესურსით და უბრალოდ "დავრჩებით ადგილზე“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ.

მისი თქმით, მხარეები ამ ორი კვირის განმავლობაში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას გეგმავენ. მედიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები პარასკევს, 10 აპრილს, პაკისტანის დედაქალაქშია დაგეგმილი. ამერიკულ დელეგაციას სავარაუდოდ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.

თუმცა, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული სიტუაცია გაურკვეველი რჩება. პოსტში ტრამპმა აშშ-ის როლზე მიანიშნა, თუმცა ირანმა ნათლად განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლას გააკონტროლებს.

ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს, რომ თეირანი ამ პერიოდში გახსნის ჰორმუზის სრუტეს. თუმცა, გადაადგილებები განხორციელდება ირანის ძალებთან კოორდინაციით. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანი და ომანი დააწესებენ გადასახადს სრუტეში გამავალი გემებისთვის.