ევროკავშირი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს შეუერთდება და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს ხუთი ქვეყნიდან გაგზავნის.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას განცხადებით, მომავალ მოლაპარაკებებზე ევროკავშირს წარმოადგენენ ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები და გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.

ევროპელმა მაღალჩინოსანმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ტექნიკურ დონეზე გამართულ ყველა მომავალ მოლაპარაკებაში მიიღებენ მონაწილეობას.

მისივე თქმით, ევროპას ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს ლიდერები, რომლებიც მას მოლაპარაკებებზე წარმოადგენდნენ.

10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა.

ევროპული ქვეყნები სამმხრივ შეხვედრებში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ, თუმცა უკრაინული მხარე მათთან კონსულტაციებს პარალელურ რეჟიმში მართავდა.

აბუ-დაბიში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ამერიკელი წარგზავნილები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც პუტინს შეხვდნენ. ამის შემდეგ მათ დუბლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართეს მოლაპარაკებები.

მოგვიანებით უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსული მხარე დათანხმდა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპელი წარმომადგენლების მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს ევროპის ჩართულობას მოლაპარაკებებში, ვინაიდან რუსეთის მიზნები ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას.

ამავდროულად, Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ შეუთანხმებიათ, ვინ წარმოადგენს ბლოკს უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებზე. სახელმწიფოთა ნაწილი ანტონიუ კოშტას კანდიდატურას უჭერს მხარს, მაშინ როდესაც საფრანგეთსა და გერმანიას საკუთარი ადგილების ბრიუსელისთვის დათმობა არ სურთ.