ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი უკრაინაში არსებული კრიტიკული სიტუაციის გამო მოგზაურობის გეგმებს ცვლის და 15 დეკემბერს ბერლინში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სტუბი თავდაპირველად აშშ-ში ტეხასის შტატში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა მოგზაურობა გაუქმდა. ის გერმანიაში უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

გერმანიის დედაქალაქში დაგეგმილი შეხვედრა უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ეძღვნება. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მოლაპარაკებებზე აშშ-ის წარმომადგენლები მიიწვია.

ეს კი მერცს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს და დონალდ ტრამპს შორის დაძაბულ სატელეფონო საუბარს მოჰყვა, რომლის დროსაც მხარეები სამშვიდობო ძალისხმევის მიმართულებასთან დაკავშირებით უთანხმოების გადალახვას ცდილობდნენ.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მოამზადა სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც ომის დასრულების საფუძველი უნდა გამხდარიყო. დოკუმენტის საწყისი ვერსია 28 პუნქტს შეიცავდა. კიევისა და მისი ევროპელი პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, დოკუმენტი ნაწილობრივ გადაიხედა: ამჟამად ის დაახლოებით 20 პუნქტს შეიცავს.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, დაასრულა საკუთარი სამშვიდობო გეგმა და მალე წარუდგენს მას შეერთებულ შტატებს. მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში ამჟამად მოლაპარაკებები ერთდროულად სამ დოკუმენტზე მიმდინარეობს: ჩარჩო შეთანხმება, უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი და დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ომის შემდგომი რეკონსტრუქციის პრინციპებს.

ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ბერლინში ევროპელ ლიდერებს და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.