ალექსანდრე ლუკაშენკომ 123 პოლიტიკური პატიმრის ამნისტია გამოაცხადა. გათავისუფლებულებს შორის არიან ოპოზიციის ლიდერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა.

"აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, ასევე ბელარუსის კალიუმის მრეწველობის წინააღმდეგ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნასთან და ბელარუსის წინააღმდეგ სხვა უკანონო სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეიწყალოს სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე“, – აღნიშნულია ლუკაშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.

მისივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებული იყვნენ ჯაშუშობის, ტერორიზმისა და ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებით.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გათავისუფლებულ პირებს შორის არიან გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები.

გათავისუფლებულთა შორისაა ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა. მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნაში, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებებისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს 11 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დღეს ასევე გაათავისუფლეს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო, რომელსაც თავისუფლების 14 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ადვოკატი და ბაბარიკოს საარჩევნო შტაბის წევრი მაქსიმ ზნაკი და 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ალეს ბიალიაცკი.

BELTA-ს ცნობით, ლუკაშენკოს ნოემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, შეწყალებულთა საერთო რაოდენობამ 156-ს მიაღწია. მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ლიტვის, უკრაინის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები.