პუტინი დონბასს თუ მიიღებს, ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე მედიასთან განაცხადა.

"უნდა გვახსოვდეს, თუ რატომ უნდათ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება – რადგან მათ არ სურთ, რომ რუსეთი მათ თავს დაესხას. სწორედ ამიტომ შეუერთდნენ შვედეთი და ფინეთი ნატოს; სწორედ ამიტომ შეუერთდნენ ბალტიის ქვეყნები ნატოს, რათა ჰქონდეთ ეს თავდაცვითი ქოლგა. ახლა თუ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან გამორიცხულია, მაშინ ჩვენ უნდა ვნახოთ, რა არის უსაფრთხოების ხელშესახები გარანტიები. ეს არ შეიძლება იყოს დოკუმენტები ან დაპირებები. ეს უნდა იყოს რეალური ჯარები, რეალური შესაძლებლობები, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა.

უნდა გვესმოდეს, რომ დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის. თუ ის დონბასს მიიღებს, მაშინ ციხესიმაგრე დაეცემა და შემდეგ ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას. და თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ სხვა რეგიონებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. ეს ისტორიიდან ვიცით და ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.