18 იანვარს, დილით, რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია. თავდასხმას ხანძარი და მსხვერპლი მოჰყვა.

რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა რაკეტების ნამსხვრევები, გაჩნდა რამდენიმე ხანძარი. იერიშის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის, მეტროს სადგურ "ლუკიანოვსკაიასთან“.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში შევჩენკოს რაიონში, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დესნიანსკის რაიონში ჩამოვარდა რაკეტის ნამსხვრევები.

დაზიანდა ავტომობილები, ასევე ნაწილობრივ დანგრეულია ადმინისტრაციული შენობა, ბიზნესცენტრის შენობა, მაღაზია. დაზიანებულია წყალმომარაგების მთავარი ხაზი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა სამი ადამიანი.

18 იანვარს, დილით, რუსებმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს ზაპოროჟიესაც. თავდასხმას მოჰყვა ნგრევა, დაზიანდა შენობები და დაშავდნენ ადამიანები.