15 მაისს, უკრაინას და რუსეთს შორის 1000-1000-ზე ტყვეების გაცვლის პირველ ეტაპზე 205 უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა.

"205 უკრაინელი სახლშია. რუსული ტყვეობიდან ბრუნდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარისკაცები. ეს 1000/1000-ზე გაცვლის პირველი ეტაპია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გათავისუფლებულთა შორის არიან რიგითები, სერჟანტები და ოფიცრები. მათი უმეტესობა 2022 წლიდან რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.

ისინი იცავდნენ უკრაინას მარიუპოლსა და აზოვსტალში, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის და კიევის მიმართულებაზე და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე.

"მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ხალხის სახლში დასაბრუნებლად მუშაობს, პირველ რიგში ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინის გაცვლითი ფონდის შევსებას ახდენენ და ჩვენს გუნდს. მადლობა ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც უკრაინელების ტყვეობიდან გათავისუფლებაში გვეხმარებიან. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული მათგანისთვის, ვინც ჯერ კიდევ ტყვეობაშია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჯარისკაცებისა და სერჟანტების გარდა, სახლში ორმოცდაათზე მეტი ოფიცერი დააბრუნეს. დღეს გათავისუფლებულებს შორის არის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დატყვევებული ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი. ყველაზე ახალგაზრდა გათავისუფლებული დამცველი 21 წლისაა, ყველაზე უფროსი კი - 62-ის.

სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ბევრი გათავისუფლებული უკრაინელი სერიოზული დაზიანებებით, ჯანმრთელობის პრობლემებით და მძიმე ფსიქოლოგიური შედეგებით ბრუნდება. ზოგიერთი დამცველი "აზოვსტალიდან" დაჭრილი წაიყვანეს.