სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელიც შესაძლოა, ლვოვში 22 თებერვლის ღამეს მომხდარ აფეთქებებში იყოს მონაწილე, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შესაძლებელი და შეუძლებელი იყო ამ ტერორისტული თავდასხმის განმახორციელებლების იდენტიფიცირებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

კლიმენკომ განმარტა, რომ ლვოვში აფეთქებებში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

გამოძიების ძირითადი ვერსიით, ტერორისტული თავდასხმის დამკვეთი რუსეთი იყო.

ლვოვის რეგიონული პროკურატურის ხელმძღვანელის მიკოლა მერეტას თქმით, დაკავება რეგიონის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში მოხდა.

"დააკავეს პირი, რომელიც შესაძლოა, მონაწილეობდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყოს“, - განაცხადა მან.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ისაუბრა კლიმენკოს მოხსენებაზე ლვოვში არსებული ვითარების შესახებ.

"დაკავებულთან დაკავშირებით აუცილებელი პროცედურული ნაბიჯები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა საჭირო დეტალს მოგვაწვდის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

22 თებერვლის ღამეს ლვოვში აფეთქებების შედეგად წინასწარი ინფორმაციით, 23 წლის პოლიციელი ქალი დაიღუპა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ტერორისტული აქტი, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია.

გამოძიების თანახმად, 102-ზე შევიდა შეტყობინება ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შეჭრის შესახებ. პირველი აფეთქება საპატრულო პოლიციის პირველი ჯგუფის მისვლისთანავე აფეთქება მოხდა, მეორე კი - კიდევ ერთი ჯგუფის მისვლის შემდეგ.

ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ამჟამად თერთმეტი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება. ექვსი სამართალდამცველი მძიმე მდგომარეობაშია.