უკრაინა მზადაა რუსეთთან ენერგეტიკული ზავისთვის. კიევი თავს შეიკავებს მტრის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებისგან, თუ მოსკოვი არ დაესხმება თავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტრამპთან ენერგეტიკული ზავის შესახებ ისაუბრა, თუმცა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი ფორმატისთვის.

"თუ თქვენ არ ესხმით თავს არანაირ ენერგეტიკას, აი, ასეთია ჩვენი წინადადება. მადლობელი ვართ ამერიკული მხარის, დაგვპირდნენ, რომ ამას რუსებს გაუზიარებენ, არ ვიცი რუსული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ღმერთი დაეხმაროს ამერიკელებს, იპოვონ ამის გადაჭრის რაიმე გზა და მიაღწიონ იმას, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შეწყვეტს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს, თუ რუსეთი არ დაესხმება თავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს.

"თუ არ სურთ, რომ მათ ნავთობგადასამუშავებელ სიმძლავრეებს დავესხათ თავს, ისინიც ნუ შეეხებიან ჩვენს ენერგოსისტემას, წყალმომარაგებას. თუ თქვენ ჩვენსას არ დაესხმებით თავს, ჩვენ თქვენსას ხელუხლებელს დავტოვებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დღეს უკრაინის მიერ დარტყმების ცალმხრივად შეჩერებაზე საუბარი არ ყოფილა.

"ჩვენ არ ვართ დონორები, განსაკუთრებით პუტინთან მიმართებით. თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენ არ ვუპასუხოთ დარტყმებით დიზელის წარმოებაზე, ნავთობგადამუშავებას და მსგავს ობიექტებზე, ჩვენ ასე არ მოვიქცევით. არ მინდა თამაშების თამაში. ის თავს გვესხმის, ჩვენ ვპასუხობთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.