არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მით უმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს მის წესებს და პატივს არ სცემს მასპინძელ ქვეყანას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილი წერს.

"ქალზე ხელის აღმართვა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ძალიან მძიმე ფაქტია. თუმცა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ ქალებმა მოახდინეს პროვოკაცია - ჩაუშალეს ადამიანს ქორწილი, შეურაცხყოფა მიაყენეს ნეფე-პატარძალს და დაძაბულობა უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანეს.

არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მით უმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს მის წესებს და პატივს არ სცემს მასპინძელ ქვეყანას.

თუ საქმე გამოძიებამდე მივიდა, მაშინ მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი კი არ უნდა შეფასდეს, არამედ იმ ადამიანების ქმედებებიც, რომლებმაც პროვოკაცია მოახდინეს, მათ შორის აპარატურის დაზიანებისა და ინციდენტის გამოწვევის გარემოებებიც!" - წერს ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთას გულისხმობს.