უკრაინა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ღამის დარტყმის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

"ეს იყო მასშტაბური დარტყმა, რომელშიც მონაწილეობდა ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა - მინიმუმ 25 ბალისტიკური რაკეტა, ასევე აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები და სხვადასხვა ტიპის 450-ზე მეტი დრონი. ძალიან თავხედური, ძირითადად დემონსტრაციული დარტყმა“, - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოში მხოლოდ მცირე რაოდენობის სისტემებს შეუძლიათ ეფექტურად ჩაჭრან ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები, რომლითაც რუსეთი უკრაინას ესხმის თავს.

"ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ამერიკასთან, დამატებითი Patriot-ების შესაძენად. ძალიან ვიმედოვნებთ მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიის სრულად დასაცავად საჭიროა მნიშვნელოვნად მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაკეტა. მან მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.

8 ნოემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასშტაბური კომბინირებული შეტევა დაიწყო, სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და თავდასხმის დრონების გამოყენებით. დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

მტრის თავდასხმამ რამდენიმე რეგიონში ელექტროენერგიის გათიშვა და კრიტიკული ობიექტების მუშაობის შეფერხება გამოიწვია. ყველაზე მეტად კრემენჩუკი დაზარალდა, რადგან ქალაქი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.