უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო სცენარი იქნებოდა, თუ ეს უკრაინელების სიცოცხლეს გადაარჩენდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ხვდება, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული ომის დასრულებით, უკრაინა კი მშვიდობისკენ ისწრაფის.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კიევის მთავარი მიზანი ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაა და შესაბამისად, შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა უფრო სასურველი სცენარია, ვიდრე მრავალწლიანი ომი სამხედრო გამარჯვებისთვის.

მისივე თქმით, უკრაინაში არავის დაუკარგავს გამარჯვების სურვილი, თუმცა ასეთი გამარჯვების ფასი არ შეიძლება გაიზომოს დაუსრულებელი ადამიანური დანაკარგებით.

"თუ ხვალ ცეცხლის შეწყვეტას მივაღწევთ, ეს უკეთესი იქნება, ვიდრე 10-20 წელი ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და ჩვენი ხალხი დავკარგოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის ცეცხლის შეწყვეტა საუკეთესო ალტერნატივა, თუ ის ომის ნამდვილად შეჩერებას ისახავს მიზნად.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დროს შეცვალა დამოკიდებულება უკრაინის მიმართ.

მისი აზრით, ამერიკელმა ლიდერმა გააცნობიერა, რომ სწორედ რუსეთი არ არის დაინტერესებული ომის დასრულებით, მაშინ, როცა უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის.

"პრეზიდენტმა გააცნობიერა ვინ არის სინამდვილეში დაინტერესებული იმით, რომ ომი არ დასრულდეს. უფრო მეტიც, მან გააცნობიერა, რომ ჩვენ გვინდა პუტინის შეჩერება და მშვიდობა ნამდვილად გვსურს. ადრე კი ისმოდა მოსაზრებები, თითქოს უკრაინას არ სურდა ომის შეჩერება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევი ყოველთვის სამართლიანი მშვიდობის მომხრე იყო, მაგრამ ამავდროულად იცავს თავის სახელმწიფოს და მოქალაქეებს.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპთან კომუნიკაციაში თანდათანობით ნდობის აღდგენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო. და ეს მნიშვნელოვანი იყო... ვცადე სიტუაციის ეტაპობრივად ახსნა. ვფიქრობ, მან ძალიან კარგად გამიგო", - განაცხადა ზელენსკიმ.