პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა შეისყიდოს Patriot-ის ათი სისტემა შეერთებული შტატებიდან ან მიიღოს ლიცენზია მათი წარმოებისთვის. მისი თქმით, კიევი ეძებს ყველა შესაძლო ფორმატს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

ზელენსკიმ მიმართა შეერთებულ შტატებს, Patriot-ის დამატებითი სისტემების შესყიდვის წინადადებით, რათა გააძლიეროს უკრაინის ცის დაცვა სარაკეტო თავდასხმებისგან.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზადაა 15 მილიარდი დოლარი დახარჯოს 10 სისტემის შესაძენად, რომელსაც შეუძლია დაიცვას უდიდესი ქალაქები.

"ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ეს 15 მილიარდი. ჩვენ ვიპოვით ამ ფულს და ყველაფერს გადავიხდით“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის თქმით, ზოგიერთმა ევროპელმა პარტნიორმა გამოთქვა ფინანსური დახმარების გაწევის სურვილი, რათა უკრაინამ შეძლოს საჭირო აღჭურვილობის მოპოვება.

”მაგრამ აშშ ამბობს, რომ დღეს არ არსებობს შესაძლებლობები, თუმცა ამ დროს ისინი გადასცემენ ასეთ სისტემებს, მაგალითად, ისრაელს”, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა თანამშრომლობის სხვადასხვა ვარიანტისთვის, კერძოდ, Patriot-ის სისტემებისა და შესაბამისი რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიების შესაძენად. მან შესთავაზა ამ სისტემების იჯარით გაცემა იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი უკვე განლაგებულია და საჭიროების შემთხვევაში მათი დაბრუნებაც კი.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის რუსული თავდასხმებისგან დაცვის მრავალი ფორმატი არსებობს და ეს მოითხოვს საერთაშორისო პარტნიორების სურვილს და მხარდაჭერას.