უკრაინამ გერმანიიდან Patriot-ის სისტემები მიიღო. ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში "პატრიოტების" კომპონენტი გავაძლიერეთ. მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ ფრიდრიხ მერცს ჩვენი ამ ერთობლივი ნაბიჯისთვის რუსული ტერორისგან სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვამზადებდით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და შეთანხმებები ახლა შესრულებულია. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა!" - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსული ავიადარტყმები პუტინის მთავარი ფსონია ამ ომში.

"ტერორის მეშვეობით ის ცდილობს თავისი გიჟური მიზნების მიღწევის შეუძლებლობის კომპენსირებას. ამიტომ, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ყოველი გაძლიერება პირდაპირი მნიშვნელობით გვაახლოებს ომის დასასრულთან, რომელსაც ყველა ველოდებით. რაც უფრო ნაკლებს მიაღწევს რუსეთი, მით უფრო დიდი მოტივაცია ექნება ომის დასრულების.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას საიმედო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე. ჩვენი შესაძლებლობები შეძლებს უსაფრთხოების გარანტიას არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში. ჩვენი უსაფრთხოება განუყოფელია - რაც ნიშნავს, რომ ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩვენგანი უნდა დაიცვას.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებზე - როგორც სამთავრობო დონეზე, ასევე უშუალოდ საჭირო სისტემების მწარმოებლებთან", - განაცხადა ზელენსკიმ.