უკრაინა იარაღის ექსპორტს იწყებს და ყველა დეტალი სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე უკვე შეთანხმდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენი უსაფრთხოების ექსპერტიზა და იარაღი, რომელიც თანამედროვე ომში გამოიცადა, ახლა ყველა პარტნიორისთვის საინტერესოა, რომელსაც შეუძლია ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის ჭეშმარიტად ეფექტური დონის უზრუნველყოფა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, შესთავაზეს თანამშრომლობის სპეციალური ფორმატი Drone Deals -  სპეციალური შეთანხმებები იარაღის წარმოებისა და მიწოდების შესახებ.

"პროცედურა აბსოლუტურად ნათელია: სახელმწიფოთაშორის დონეზე, ორმხრივი ურთიერთშეთანხმების პრინციპის საფუძველზე, ჩვენ შესაბამისი შეთანხმების მეშვეობით განვსაზღვრავთ უსაფრთხოების სამუშაოების ჩარჩოს, შემდეგ კი პროცესი იწყება სამთავრობო ინსტიტუტებისა და მწარმოებლების დონეზე", - განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინული კომპანიები პარტნიორი ქვეყნების ბაზრებზე შესვლას იმ პირობით შეძლებენ, რომ უკრაინელ სამხედროებს ჯერ საჭირო რაოდენობის იარაღის მიღების უფლება ექნებათ.

"უკრაინაში ზოგიერთი ტიპის იარაღის წარმოების ჭარბი მოცულობა 50%-ს აღწევს და ეს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ჩვენი სახელმწიფო ინვესტიციებისა და პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობის პირდაპირი შედეგია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინული იარაღი გარკვეულ ქვეყნებში რუსეთთან თანამშრომლობის გამო ვერ ხვდება.

"სერიოზული გამოწვევაა, რომ ჩვენი ტექნოლოგიები და იარაღი რუსების ხელში არ მოხვდეს. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო კოორდინაციას გაუწევს ექსპორტის პროცესებს და უზრუნველყოფს, რომ პირველ რიგში დაკმაყოფილდეს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების იარაღის საჭიროებები, ხოლო მწარმოებლების მიერ უკრაინაში სახელმწიფო შეკვეთის გადაჭარბებით წარმოებული ნებისმიერი ჭარბი იარაღი ექსპორტზე გავიდეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი განსაზღვრავენ თავდაცვის ძალების საჭიროებების მოცულობებს", - განაცხადა ზელენსკიმ.