პარლამენტმა, 85 ხმით 12-ის წინააღმდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძე აირჩია.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გეკა გელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე  თქვენი საქმიანობისთვის. ამ პერიოდში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მთელი საზოგადოება აკვირდებოდა თქვენს ბრძოლას დამნაშავეობასთან. განსაკუთრებული შემართება ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული პოლიციელის მხრიდან და აქ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ჰქონდა თქვენს პირად მაგალითს. გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევას. დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასეთივე შემართებით გაუძღვებით საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს. პარლამენტის სახელით წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ, თქვენს თანამშრომლებთან ერთად“, -  განაცხადა პაპუაშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად არჩევამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.