აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ჟენევაში უკრაინასთან მოლაპარაკებების შემდეგ ამერიკულ სამშვიდობო გეგმაში ცვლილებები შედის.

მოლაპარაკებების შემდეგ, რუბიომ პრესას განუცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრები მისთვის "ყველაზე პროდუქტიული“ და "ყველაზე ეფექტური“ იყო.

"ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სამუშაო ვერსია, რომელიც უკვე შეიქმნა ამ პროცესში ჩართული ყველა შესაბამისი მხარის წინადადებების საფუძველზე და ახლა უკვე შევძელით ამ საკითხების ნაწილის პუნქტუალურად განხილვა. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ვმუშაობთ შემოთავაზებულ ზოგიერთ წინადადებაზე. ვმუშაობთ გარკვეული ცვლილებების, კორექტირების შეტანაზე იმ იმედით, რომ კიდევ უფრო შევამცირებთ უთანხმოებებს და მივუახლოვდებით იმას, რაც, როგორც უკრაინას, ასევე, ცხადია, შეერთებულ შტატებს ძალიან მოეწონებათ. ცხადია, საბოლოოდ ამას ჩვენმა პრეზიდენტებმა უნდა მოაწერონ ხელი. თუმცა, მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ამის გამო თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ასევე ცხადია, განტოლების რუსული მხარეც არსებობს, თუმცა, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, რაც მათთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვფიქრობ, აქედან დასკვნა არის ის, რომ ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ალბათ, საუკეთესო შეხვედრა, რაც კი აქამდე გვქონია. გარკვეული სამუშაო ჯერ კიდევ შესასრულებელია და ახლა ჩვენი გუნდები ამაზე მუშაობენ“, – აცხადებს მარკო რუბიო.

შეერთებულმა შტატებმა ამ დღეებში წარმოადგინა ახალი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, თუმცა მისი შემადგენლობა საკმაოდ საკამათოა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინას მოეთხოვება დონბასიდან გასვლა, სამხედრო ძალების შემცირება, შორი მოქმედების იარაღზე უარის თქმა და სხვა.

ევროპის საბჭომ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა შეიძლება ომის დასრულების საფუძველი გახდეს, მაგრამ მნიშვნელოვან რედაქტირებას საჭიროებს.

სხვათა შორის, რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საწყისი შედეგების საფუძველზე, აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში შეიძლება ითვალისწინებდეს უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტები.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებებში მონაწილეობს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპის გეგმის ამჟამინდელი ვერსია უკვე ასახავს უკრაინის პრიორიტეტების უმეტესობას.