ასე ხაზის გადასმა ემიგრანტებზე ნორმალურია თქვენი აზრით? თორემ ჩემი ხმა რომ არაფერს წყვეტს, ამას დიდი ხანია, მივხვდი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი წერს.

"უკაცრავად, დიდი ბოდიშის მოხდით, მოღალატე თუ ვიყავი არ ვიცოდი. ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მოქალაქეობასაც ხომ არ ჩამოგვართმევთ? ქვეყანაში შემოსვლას შევძლებთ თუ ვეღარ? მადლობა.

პ.ს საქართველოში მშობლების დაკრძალვაზე ვერ ჩამოდის ხალხი, ახლობლების, მეგობრების ნათესავების, ზოგს ვიზა სჭირდება, ზოგს საშუალება არ აქვს, ზოგს საბუთი... ასე ხაზის გადასმა ემიგრანტებზე ნორმალურია თქვენი აზრით? თორემ ჩემი ხმა რომ არაფერს წყვეტს, ამას დიდი ხანია, მივხვდი...

იქნებ დახვრეტაც შემოიღოთ მოღალატეებზე...

დიდი მადლობა მეგობრებო", - წერს მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში. ის უკვე რამდენიმე წელია, აშშ-ში ცხოვრობს.

"ოცნებამ" გუშინ, 17 ნოემბერს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო კოდექსს შეცვლის და ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებზე ხმის საზღვარგარეთ მიცემას შეუზღუდავს. კობახიძის თქმით, ყველას შეუძლია "1 დღით ჩამოვიდეს" და ხმა ინფორმირებულმა მისცეს, რადგან "უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ არ მოექცეს".