სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან  "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის დაკავებული ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

ადგილზე ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები არიან შეკრებული.

მათი განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური პატიმარია და 85 დღეა, გარე სამყაროსთან კონტაქტი აკრძალული აქვს.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა პოლიტიკოსი დაატყვევა მისი პოლიტიკური განცხადების გამო. ლევან ხაბეიშვილი სიტყვის გამო ჰყავს რუს ივანიშვილს ოთხ კედელში გამოკეტილი.  

2024 წელს ახალგაზრდის დასახმარებლად გაქცეული ლევან ხაბეიშვილი რუსი ივანიშვილის ომონმა სასიკვდილოდ გაიმეტა, ნახევარი საათი აწამებდნენ, ამბობდნენ, რომ უნდა მოეკლათ და შემდეგ ეთქვათ, რომ თავი დაარტყა. ყოველივე ამას ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

ლევან ხაბეიშვილი 13 წელი ამხელდა ივანიშვილის რეჟიმს, მის ხელის ბიჭებს, გომელაურს, ლილუაშვილს, ფარცხალაძეს, რომელთა ბრალეულობასაც ეს ხელისუფლებაც აღიარებს, მაგრამ 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილი მისი სიტყვის გამო დაატყვევეს. 85 დღეა, რაც პოლიტიკოსი დატუსაღებულია მისი პოლიტიკური განცხადებისთვის, სადაც გდდ-ს მოუწოდებდა, რომ არ ეწამებინათ ხალხი, არ დაელეწათ მათთვის ძვლები.

უკვე 85 დღეა, ლევან ხაბეიშვილს აკრძალული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, კონტაქტი, სატელეფონო ზარის უფლება", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიამ დოლიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.