ის ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა დღეს, ცდილობს, ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, ვის უფრო მეტად აქვს დამაზიანებლის რესურსი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუმ საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა მის ე.წ. მხარდამჭერებსა და გარემოცვას.

"მას შემოაქვს ახალი თემები, რომლითაც მიუთითებს, რომ მისი საქციელი, ანუ კანონის დარღვევა, კანონის დარღვევით საზღვრის გადაკვეთა იყო განპირობებული თავისი გარემოცვის დაჟინებული მოთხოვნით, ამავე დროს, იყო მხარდაჭერილი ორგანიზაციული მხარის უზრუნველყოფით. თქვენ გახსოვთ, ადრე მანვე გააკეთა განცხადება, რომ თუ იგი დაუპირისპირდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ეს მისი ბრალი არ იყო, თუკი საქართველოში სადისტური მმართველობა ხორციელდებოდა, არ იყო მისი ბრალი. იგი ასახელებდა კონკრეტულ გვარებს – გიგა ბოკერიას, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, რომ თვითონ არაფერი გაეგო იმის თაობაზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა და კონკრეტული პირები იყვნენ დამნაშავეები. ახლაც არის იგივე მცდელობა, მაგრამ კიდევ ერთი თაღლითობის გამოვლინებაცაა. არავითარ დემენციასთან, ფიზიკური რესურსის შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. წეროს, გააკეთოს განცხადებები, მისცეს ინტერვიუები. ჩვენ ადრეც გვახსოვს მცდელობა, რომ სააკაშვილი წარმოეჩინათ უნარშეზღუდულ ადამიანად. იყო განცხადებები, რომ მისი მდგომარეობა არ შეესაბამება ლიდერის ფუნქციის შემსრულებელი ადამიანის მდგომარეობას და საერთოდ, მისი განცხადებები არ მიეღოთ მხედველობაში.

საქმე გვაქვს თაღლითობასთან და არა გულწრფელ საქმიანობასთან, რომელიც შესაძლოა, ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს ან კონკურენციას უწევდეს მმართველ გუნდს, რომელიც ცდილობს, როგორმე ქვეყანას დესტაბილიზაცია ააცილოს. ის ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნა დღეს, ცდილობს, ამომრჩეველს თავი მოაწონოს იმით, ვის უფრო მეტად აქვს დამაზიანებლის რესურსი. იმედია, ამ ნიშნით არ იქნება არჩევნების შედეგები განპირობებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.