Amnesty International არის ძალიან მართებული და სწორი. მე საჯაროდაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ეს არ არის პირველი ანგარიში, რომელსაც ისინი აქვეყნებენ, - ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთ დროს, როცა ქვეყანაში ძალადობა ნორმად იქცა, მსგავსი ტიპის ანგარიშები დროულია.

"ის პროცესები, რაც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, არ საჭიროებს იმას, რომ იყო ადვოკატი და იმის მიხედვით შეაფასო მდგომარეობა, ხედავდე უსამართლობის მასშტაბს და სისტემურ ხასიათს. შემთხვევითი არ არის, რომ მაღალი თანამდებობის ადამიანები პირდაპირ მოუწოდებენ მოქალაქეებს და მათ შორის სამართალდამცველებს, რომ ძალიან ცუდია, როცა იღებთ ძალადობის მსგავს ფაქტებს, რადგან შესაძლოა, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონო. ანუ, ამბობენ იმას, რომ ცუდი ის კი არ არის, რომ ეს ასე ხდება და ძალადობენ, არამედ ის, რომ ეს შეიძლება აღბეჭდოს ვინმემ. ამის ფონზე, როდესაც მსგავსი ტიპის ძალადობას და დაუსჯელობას ვხედავთ, რა თქმა უნდა, Amnesty International არის ძალიან მართებული და სწორი. მე საჯაროდაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ეს არ არის პირველი ანგარიში, რომელსაც ისინი აქვეყნებენ, ჩვენ სინდისის პატიმრების პროცესების პარალელურად გვანებივრებდნენ მსგავსი ანგარიშებით და ეს ჩვენთვის ძლიერი სამართლებრივი დოკუმენტებია, რომლებსაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ვიყენებთ და მიგვაქვს ევროპულ სასამართლოში", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

"Amnesty International" საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში - "რეპრესიების ანატომია - საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე" - ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს. ასევე, ორგანიზაცია ხელისუფლებას საკანონმდებლო ინიციატივების და უკვე მიღებული კანონების შეცვლას სთხოვს.