კიევსა და ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. 15 ივნისის ღამეს მტერმა მხოლოდ კიევის მიმართულებით 60 რაკეტა ისროლა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად დედაქალაქზე მტრის თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა და 4 დაიღუპა.

"კიევ-პეჩერის ლავრაზე რუსეთის დარტყმის შედეგად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ეკლესიას, რომლის ისტორია მე-11 საუკუნიდან იწყება. ეს რუსეთის მიერ ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ დღემდე ჩადენილ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენს. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ტაძრის სახურავზე ხანძარი უკვე ჩააქრო", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, ხარკოვში რუსეთმა კვლავ შეუტია სამიზნეს ზუსტად მაშინ, როდესაც მაშველები მივიდნენ დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად. როგორც მან აღნიშნა, ხარკოვზე რუსული დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დნიპროში რუსეთის ძალებმა რკინიგზის სადგური, კოლეჯი და ქარხანა დაბომბეს. გარდა ამისა, მტერმა ღამით კიევის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქები დაბომბა.

"მნიშვნელოვანია მსოფლიო არ გაჩუმდეს ამ მორიგ რუსულ ბარბაროსობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ახლა სამიტისთვის იკრიბებიან, გასცენ პასუხი.  ეს პასუხი უნდა იყოს გადამწყვეტი და არსებითი: მეტი ზეწოლა აგრესორზე და მეტი მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, განსაკუთრებით ბალისტიკური საფრთხეების წინააღმდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

საჰაერო ძალების ცნობით, 15 ივნისის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 681 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - გამოყენებული იქნა 70 რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 611 დრონი. ოცმა ბალისტიკურმა რაკეტამ სამიზნეს მიაღწია. ამავდროულად, თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 30 რუსული ფრთოსანი რაკეტა, ასევე 582 დრონი.