მსგავსი ტიპის ცვლილებები, განსაკუთრებით ბოლო თვეებმა აჩვენა, რომ საწინააღმდეგოდ უტრიალდება ხელისუფლებას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თავისუფლებისთვის ბრძოლის ჩახშობაა.

"ცხადია, საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ჩანასახშივე არის არალეგიტიმური იმიტომ, რომ ის უნდა მიიღოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა და ხელი უნდა მოაწეროს არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეწყვიტონ ბრძოლა თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის, თუმცა ხშირად მსგავსი ტიპის ცვლილებები, განსაკუთრებით, ბოლო თვეებმა ანახა, რომ საწინააღმდეგოდ უტრიალდება ხელისუფლებას", - განაცხადა ანა წითლიძემ. 

“ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააინიიცირა, რომლებიც რიგ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მათ შორის ოფიციალური პირების შეურაცხყოფასა და პოლიციელებზე თავდასხმაზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება.