ამგვარი საკომუნიკაციო შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, მთავრობა ლოიალურია თუ არა რუსული ხელისუფლების მიმართ, დგება მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც სამხედრო ძალითაა კონტროლი, -  ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების განთავსება ცოტა რეალობასაა მოკლებული.

"მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თბილისში ასეთი რამის განთავსება ცოტა რეალობასაა მოკლებული იმიტომ, რომ ამგვარი საკომუნიკაციო შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, მთავრობა ლოიალურია თუ არა რუსული ხელისუფლების მიმართ, დგება მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც სამხედრო ძალითაა კონტროლი. მე ვფიქრობ, რომ თუ ასეთი რამ არსებობს, იქ ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა, ასეთი რამ უნდა არსებობდეს და შესაძლებელიცაა, რომ არსებობდეს ცხინვალსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, რადგან იქ რუსებს აქვთ სამხედრო ბაზები და მეორე - დიდი ხანია, ცნობილია, რომ რუსები იქ სადაზვერვო ცენტრებს ქმნიან და ინახავენ სწორედ ისეთებს, რომლებსაც სწორედ ეს საკომუნიკაციო დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს", - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (ГУР) რუსეთის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ტერმინალები  გამოავლინა. აღნიშნული საკომუნიკაციო ტერმინალებიდან ერთ-ერთის მდებარეობად საქართველოს ტერიტორიაა მონიშნული.