“როდესაც ქვეყანას ჰყავს 104 პოლიტიკური ტყვე და რეჟიმი ყოველდღიურად ძალადობს მოქალაქეებზე, აპირებს პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების გაუქმებას, მედიის გაჩუმებას, კრიტიკული აზრის ჩახშობას, არ შეიძლება დასავლეთთან ურთიერთობებზე საუბარი - საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოს მართავს რუსი დიქტატორი”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“არანაირი ურთიერთობის აღდგენის რესურსი აშშ-თან და საერთოდ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ აქვს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა ხდება. 104 პოლიტიკური პატიმარი და ტყვე ჰყავს ამ ქვეყანას უკვე დღეის მონაცემებით და როგორც ჩანს, კიდევ დაემატება. ამ მოცემულობაში, როდესაც 104 პოლიტიკური ტყვე ჰყავს ქვეყანას, როდესაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ყოველდღიურად ძალადობს მოქალაქეებზე, იმ ფონზე, როდესაც სისტემატურად თავს ესხმიან ჩვენს პარტნიორებს, როდესაც საქართველოს მიაქანებენ იზოლაციისკენ, ემუქრებიან პოლიტიკურ პარტიებს გაუქმებისკენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუქმებისკენ, თავისუფალ მედიას დახურვისკენ და ყველა კრიტიკულ აზრს ებრძვიან და ცდილობენ ჩაახშონ, ამ ყველაფრის ფონზე რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არანაირი შანსი არ აქვს აშშ-თან და დასავლეთთან არ აქვს, მათი ურთიერთობები არის იმის შესაბამისი, რა ურთიერთობებიც აქვს დიქტატორულ რეჟიმებთან, რადგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ცხადად და მკაფიოდ ხედავენ, რომ საქართველოს მართავს რუსი დიქტატორი", - განაცხადა ანა წითლიძემ.