"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ბრიტანეთი ივანიშვილის რეჟიმის მსახურთა წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გააგრძელებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შემდეგ, დიდი ბრიტანეთი შავ სიაში კონკრეტული ბიზნესმენების შეყვანას განიხილავს. ხოშტარია აღნიშნავს, რომ სანქციების სამიზნე ბიძინა ივანიშვილიც გახდება.

"ბრიტანეთმა სანქციები დაიწყო ჯერ პატარა მასშტაბით, ძალოვნების წინააღმდეგ. არის პერსპექტივები, მე არ ვილაპარაკებ დეტალებზე. არის რამდენიმე კონკრეტული ბიზნესმენი, რომელზეც მსჯელობა მიდის, მათ შორის ივანიშვილზე. ზუსტად როდის იქნება, მე ამაზე არ ვისაუბრებ. ჩვენ ამ ქვეყნებთან მეთოდურად უნდა ვიმუშაოთ. ოპოზიციის ვალია, რომ მეთოდურად ვიმუშაოთ. მე ბრიტანეთში ასევე შევხვდი დიასპორის ნაწილს, რომლებიც წარმოუდგენლად აქტიურები და ეფექტურები არიან. ისინი ესაუბრებიან უბნების პოლიტიკოსებს საქართველოს თემატიკაზე. ემიგრანტებთან მთელ ამ პროცესში კოორდინაცია მნიშვნელოვანია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს: ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს, გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა.