"ქართულმა ოცნებამ" სწორედ ფარულობის არქონა გამოიყენა მასიურად იმისათვის, რომ ადამიანების ნების გამოხატვაზე ეძალადათ. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ეს გაუქმებულად, არალეგიტიმურად, კონსტიტუციის საწინააღმდეგო არჩევნებად გამოცხადდეს, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ივანიშვილის არჩევნებს აღიარება არ აქვს.

"ივანიშვილის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას და არჩევნებს აღიარება არ აქვს. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ აღიარებს მას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვის, რომ არაღიარების მიმართულება გავაგრძელოთ და საბოლოოდ, ხელისუფლების დელეგიტიმაცია მოვახდინოთ.

რატომ დაიბარეს ზურაბიშვილი პროკურატურაში? იმიტომ, რომ ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მათ არჩევნებს არავინ აღიარებს. უტყუარად დადასტურებულია ის მაქინაციური მექანიზმები, რომლებიც ამ არჩევნების დროს ჩამოაყალიბეს სისტემური შედეგების გადაწერის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, პროკურატურა ჩართეს. ვის გინახავთ, რომ დანაშაულის ჩამდენი თავად იძიებდეს დანაშაულს? ჩვენი მოთხოვნა ამ მასობრივ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა.

მესამე საკითხია - კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები ფარული უნდა იყოს. უტყუარად დადასტურებულია, რომ ფარულობა ამ არჩევნებში არ იყო. "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ფარულობის არქონა გამოიყენა მასიურად იმისათვის, რომ ადამიანების ნების გამოხატვაზე ეძალადათ. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ეს გაუქმებულად, არალეგიტიმურად, კონსტიტუციის საწინააღმდეგო არჩევნებად გამოცხადდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.