აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქცირებულთა შორის არიან უმაღლესი სახელისუფლებო და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც, განცხადების თანახმად, "ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით".

"სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე არიან პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები. ისინი არიან ხელისუფლების წევრები და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნესლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში. ასევე, პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას", - აღნიშნულია განცხადებაში.