ჩვენ დებატები გვქონდა საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე ზედიზედ მეორედ განვიხილავთ საქართველოში შემაშფოთებელ პოლიტიკურ განვითარებას, მათ შორის, გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ვწუხვართ, რომ იყო ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე, რომელიც ოფიციალური პირებისგან მოდიოდა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო – არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27-დან 26 წევრი ქვეყანა. არ გვაქვს ერთსულოვნება, თუმცა არც გვჭირდება ის ვითარების პოლიტიკური შეფასებისას. ჩვენ ვიცით, რომ ეს დინამიკა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან და დღეს მინისტრების უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან.

მთავრობა თუ არ შეცვლის ქმედებების კურსს, საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის გზაზე. პარალელურად, ჩვენ გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. წინ აღვუდგებით დეზინფორმაციას, გავზრდით მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის მიმართ. ჩვენ შევიმუშავეთ სამუშაო ვარიანტი და ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, ზომების შეჯერებას. შევამცირებთ პოლიტიკურ კონტექსტს და საქართველოსთან წვდომას, განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას მთავრობისთვის და გადავხედავთ ჩვენ მხარდაჭერას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ამის გაკეთება დაუყოვნებლივაა შესაძლებელი, თუმცა გავაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას და მივიღებთ მეტ ზომებს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით, დემოკრატიის სასარგებლოდ, მათი უმრავლესობის არჩევანის და ევროკავშირში საქართველოს მომავლის გვერდით ვდგავართ“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შეწყვეტას არ სჭირდება წევრი სახელმწიფოების ერთსულოვნება.

"მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება ეს ისეთი რამაა, სადაც საბჭოს ორი მესამედის მხარდაჭერის შემთხვევაში, კომისია მას ახორციელებს. ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გეგმის შეწყვეტას ასევე არ სჭირდება ერთსულოვნება. ერთსულოვნება საჭიროა მხარდაჭერის გასაცემად და არა მის შესაწყვეტად. ერთსულოვნება, შესაძლოა, დასჭირდეს სხვა საკითხებს, თუმცა ამ დროისთვის მათ ჯერ შემდგომი განხილვა სჭირდება“, – განაცხადა ბორელმა.