რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან, არაფრის შეცვლას, კორექტირებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ, ისევ შემაბრუნონ, არ მინდა ციხის რომანტიზება, მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რასაც ვაკეთებ, რომ ამის გამო არ ვაპირებ ან ქვეყნიდან წავიდე, ან სახლში დავიმალო, - ამის შესახებ აქტივისტმა გელა ხასაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას მოძალადედ მოიხსენიებს თუ არა გამოძიება, მისთვის უმნიშვნელოა.

"ზუსტად 30 სექტემბერს დამაკავეს. 30-მდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან, არაფრის შეცვლას, კორექტირებას არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ, ისევ შემაბრუნონ, მაგრამ არ მინდა ციხის რომანტიზება, მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რასაც ვაკეთებ, რომ ამის გამო არ ვაპირებ ან ქვეყნიდან წავიდე, ან სახლში დავიმალო, ან სხვა საქმე მოვძებნო.

მთავარი, რამაც დადებითად გადაწონა ჩემი გადაწყვეტილება, იყო ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი, ნებისმიერი ქმედება მოახდენდა გავლენას იმაზე თუ არა, რომ სხვა ადამიანებზეც ჰქონოდა რეაგირება და გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურა მედავებოდა რაღაც სიგიჟეს, ეს არ იყო პროპაგანდისთვის ისეთი ამბავი, რომ მაგალითად, ვიღაც სხვისთვისაც ეთქვათ, რომ აი, ეს ადამიანი რაღაც. პიროვნულად ჩემზე თუ იტყვიან, რომ მოძალადე ვარ, საერთოდ არ მაინტერესებს, მართლა არცერთი წამით არ ვდარდობ მაგაზე, უბრალოდ მთავარი ამოცანა, ამბავი იყო ის, რომ მე ვერ გამომიყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის, ვერ იტყვიან, რომ ჩემი ეს ქმედება რაღაც აქციის ფორმატი იყო, ან არ ვიცი, პოლიციელი ცემა, ან ნებისმიერი სხვა რამე.  აქციებში აქტიურად ჩართული ადამიანი ნახეს ჩხუბის კადრებში, რომ გაიარა, ჩამოიარა, მივიდა-მოვიდა და გამოიყენეს", - განაცხადა გელა ხასაიამ. 

აქტივისტმა გელა ხასაიამ პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. მას საპროცესო შეთანხმება რამდენიმე თვის წინ გაუფორმდა. პირობების თანახმად, მას 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.

გელა ხასაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.