რუსები ელიან, რომ ზურა გირაოს არ გადაიხდის, ჩვენ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რა საქციელსაც ჩვენგან ელოდება კრემლი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაცილებით უკეთესია, თუ ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალი იქნება.

"რას ელიან რუსები, როგორ მოიქცევა ზურა? რუსები ელიან, რომ ზურა გირაოს არ გადაიხდის. ჩვენ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რა საქციელსაც ჩვენგან ელოდება კრემლი. ჩვენ მათთვის მოულოდნელი ნაბიჯი უნდა გადავგდათ. მე ზურას ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვიცი, როგორ მოვიქცეოდი ასეთ დროს და მინდა, რომ ჩემი ძმაც ასე მოიქცეს. მე მგონია, რომ გაცილებით უკეთესია, თუ ზურა იქნება გარეთ, მგონია, რომ იმაზე უნდა ვმუშაობდეთ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი გამოვიყვანოთ, გავათავისუფლოთ ტყვეობიდან დაა არ ვიმუშაოთ იმაზე, რომ უფრო მეტი ადამიანი დაიჭიროს ამ რეჟიმმა. რაზე ჰქონდათ რეაქცია დღეს?! თუ მათ სურდათ, რომ პროცესი ჩაენიშნათ, შეეძლოთ ეს წინა პარასკევს. დღეს, რვის ნახევარზე ჩაინიშნა პროცესი იმიტომ, რომ სამ საათზე ჰქონდა პრესკონფერენცია, რომელიც შეეხებოდა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, ანუ, საკითხი ეხება იმ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც იყო გამოყენებული პროტესტის დროს და როგორც ჩანს, ეს საკითხი დღეს ყველაზე მეტად აღელვებს "ქართულ ოცნებას". მათი მიზანია, რომ გააჩუმონ ყველა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლა მალავენ რაღაცას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ასე არ იქნებოდა, ასეთი რეაქციები არ ექნებოდათ. მანამდე რატომ არ გამოიძიეს? თან ახლა იძიებენ ამას ისინი, ვინც პოტენციურად თავად ჩაიდინა ეს დანაშაული, თუკი ეს დანაშაული მომხდარია. ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან სტკივათ "ქართულ ოცნებაში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.