ჩვენი ბრიფინგი იყო 15:00 საათზე და ორ საათში დაიწყეს რეკვა, რომ სასამართლო არის აღკვეთის ღონისძიებაზეო. ერთადერთი, რასაც შემიძლია დავუკავშირო, ეგ ბრიფინგია, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მისი გირაოს საკითხი დღევანდელი ბრიფინგის დამსახურებაა.

"გირაოზე ჯერ არ მაქვს პოზიცია, რაღაცები მაქვს მოსაფიქრებელი. გირაოს გარდა, პასპორტს და პირადობას მართმევენ, ვითომ ქვეყნიდან არ გავიქცე. ეს ყველაფერი კი შემიძლია ერთადერთ რამეს დავუკავშირო - დღევანდელ ბრიფინგს, რომელიც ეხებოდა ადამიანების სისტემურ წამებასა და ქიმიური ნივთიერების გამოყენებას შარშან. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამასთან დაკავშირებით მასალები გადავაგზავნეთ საერთაშორისო 9 ორგანიზაციაში, სადაც შეიძლება საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას.

ვერ ვხვდები, პარასკევს, დილის 8:00 საათზე გამომიშვეს საპატიმროდან და ამბავი თუ ის იყო, რომ გარეთ ვარ და აღკვეთის ღონისძიება არ არის ჩემს მიმართ, მაშინ პარასკევსვე გააკეთებდნენ, რა პრობლემა იყო, ხო? თუ პარასკევს არა, შაბათს მაინც, თუ არა და დღეს დილითაც გააკეთებდნენ. ჩვენი ბრიფინგი იყო 15:00 საათზე და ორ საათში დაიწყეს რეკვა, რომ სასამართლო არის აღკვეთის ღონისძიებაზეო. ერთადერთი, რასაც შემიძლია დავუკავშირო, ეგ ბრიფინგია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.