არ მჭირდება ჩემი შვილის ციხეში ნახვა, შვილებს შეახვედრონ თავისი მამა. ამ თხოვნით შევხვდები ხვალ სახალხო დამცველს, - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილის დედამ მარინა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ლევან ხაბეიშვილის ფსიქოლოგიური გატეხა უნდა.

"ლევან ხაბეიშვილი დაატყვევეს სამშობლოს სიყვარულისთვის, მოქალაქეების უფლებების დაცვისა და მათი ჯანმრთელობის დაცვისთვის. მას შეუზღუდეს ყველანაირი კომუნიკაცია მცირეწლოვან შვილებთანაც კი. ამის გამო, მე მივმართე სახალხო დამცველს და ხვალ გვაქვს შეხვედრა. პროკურატურასთან გამართული აქციის შემდეგ ბავშვებს ერთჯერადად მისცეს უფლება შუშის იქით შეხვედროდნენ მამას და ახლა მივმართეთ სახალხო დამცველს, რომ ბავშვების უფლებები იყოს დაცული. მე პირადად არ ვითხოვ შეხვედრას და ნამდვილად არ მჭირდება ჩემი შვილის ციხეში ნახვა, შვილებს შეახვედრონ თავისი მამა. არაფრის იმედი არ მაქვს, მაგრამ ვნახოთ.

მე ვფიქრობ, რომ ლევანის ფსიქოლოგიური გატეხა უნდათ, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ ლევანზე, მაგრამ ის არ არის ადვილად გასატეხი და მას არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ შერჩევითი სამართალია, თავიანთ შვილებს კარგად იცავენ და მარიამ ლაშხის მაგალითი არის საუკეთესო. მონის დაძახების გამო, ორი გოგონა გაუშვეს პატიმრობაში. თავიანთი შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ და პატიმრის შვილებს ნახვის უფლებასაც კი არ აძლევენ", - განაცხადა მარინა კოტრიკაძემ.