ბიძინა თვითონაც არ მალავს, რომ როგორც რესურსი, ისე უყურებს თავის გუნდს. მას პოლიტიკური გუნდი რასაც ჰქვია, არ ჰყავს შეგნებულად, ის ასე მართავს, ეს არის მისი მენეჯმენტი, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთივით.

"ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის წინასაარჩევნო გამოსვლას ვუსმენდი და არაფერი არ გამართლდა, რაც მან თქვა, ყველაფერი აუყირავდა, მაგრამ პრობლემა იმაშია კიდევ უფრო, რომ ხელისუფლების მისამართით ხალხის უკმაყოფილება არის გაცილებით დიდი.

"ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილი არის ღმერთივით, ანუ, ის ადგენს სიმართლეს, მაგალითად, დღეს რომ თქვა - ღარიბაშვილი არის დამნაშავე, ე.ი. - დამნაშავეა, გუშინ რომ ამბობდა, რომ კარგი კაცი იყო - ე.ი. გუშინ კარგი იყო, ორივე დროს მართალი იყო - ასე უყურებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველამ იცის, ბიძინაა ეს ხელისუფლება და დანარჩენები დღეს არიან და ხვალ აღარ იქნებიან. ეს გარკვეულწილად იმის იმედსაც უჩენს თავიანთ მომხრეებს, რომ შეიძლება, მეც შემხვდეს რაღაცო იმიტომ, რომ დღეს ვინც აღზევებულია, არიან ის ხალხი, ვისაც არანაირი პოლიტიკური წარსული არ აქვთ, თავიანთი წარსული თვითონ არ შეუქმნიათ - ბიძინამ აიღო და ვიღაც მოიყვანა მინისტრად და ვიღაც შეიძლება ფიქრობს, რომ შეიძლება ბიძინამ ისიც შეამჩნიოს, ისიც დასვას მინისტრად და ისიც იქნება მისი ერთგული. ბიძინა თვითონაც არ მალავს, რომ როგორც რესურსი, ისე უყურებს თავის გუნდს. მას პოლიტიკური გუნდი რასაც ჰქვია, არ ჰყავს და არ ჰყავს შეგნებულად, ის ასე მართავს, ეს არის მისი მენეჯმენტი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.