თბილისში "ბათუმელებისა” და "ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა.

მსვლელობა 20:00 საათზე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და შემდეგ პარლამენტისკენ გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეების თქმით, მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეა, რომელზეც პოლიციამ იძალადა.

"ამ ქვეყანაში დანაშაულს ებრძვიან დამნაშავეები. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ქალზე მოძალადეა პოლიციელი, რომელიც ხელებშეკრულ ადამიანზე ძალადობს. ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლება დადგეს საფრთხის წინაშე.

მზია არის ამ რეჟიმის ტყვე, ამ რეჟიმის ტუსაღი, რომელიც უდანაშაულოდ ზის ციხეში და ის აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ, მოქალაქეებმა კი უნდა გავიაზროთ, ვისთან გვაქვს საქმე და ვინ უდგას ამ ქვეყანას სათავეში, ვის ხელშია ჩვენი ბედი", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მზია ამაღლობელის დაკავებიდან დღეს ერთი წელი გავიდა.