ყველა იქ მყოფი პროტესტში მონაწილე ადამიანი გრძნობდა, რომ რაღაც განსხვავებული ხდებოდა, ხეები, რომლებიც იქ დგას, ისინიც კი გამხმარი იყო, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

"ქართულმა ოცნებამ" იმ დღეებში, როდესაც მართლა გამოიყენა ეს ქიმიური ნივთიერება, ყველა იქ მყოფი პროტესტში მონაწილე ადამიანი გრძნობდა, რომ რაღაც განსხვავებული ხდებოდა იმიტომ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ნივთიერება, რომელიც მათ მანამდეც გამოუყენებიათ და ეს ჩვენ მანამდეც ვიცოდით. ხეები, რომლებიც იქ დგას, ისინიც კი გამხმარი იყო. თუმცა, იმ პროცესებიდან გამომდინარე, როდესაც ყოველდღიურად ებრძოდნენ ადამიანებს, ძალიან რთული იყო ამაზე მეტი კონცენტრაცია ყოფილიყო, ჩვენ მაშინ ადამიანების გადარჩენა გვიწევდა და ქიმიურ ნივთიერებაზე საუბარი და გამოძიების დაწყება იმ პერიოდში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

დიდი დრო დასჭირდა ამის გამოძიებას, მაგრამ ფაქტები დაიდო, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამაზე დიდი ტრაგედია რა შეიძლება დაემართოს ერს, როდესაც საკუთარი ხელისუფლება, მართალია, არაღიარებული, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც თავისი განცხადებით, ხალხის მშვიდობისთვის იბრძვის, საკუთარ მოსახლეობას ქიმიური იარაღით ებრძვის, წამლავს მათ და ჯერ კიდევ არავინ იცის, რა შედეგის მომტანი იქნება გრძელვადიან პერიოდში", - განაცხადა ბუტიკაშვილმა.