პროცესი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. ჩვენ კარგად ვხედავდით, როგორი მიკერძოებულები და ტენდენციურები არიან მოსამართლეები, ისინი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისგან განსხვავებითაც კი უფრო მეტად ინდოქტრინიზირებულები არიან „ქართული ოცნების“ იდეოლოგიით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს არის დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება.

"პროცესი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. ჩვენ კარგად ვხედავდით, როგორი მიკერძოებულები და ტენდენციურები არიან მოსამართლეები, ისინი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისგან განსხვავებითაც კი უფრო მეტად ინდოქტრინიზირებულები არიან „ქართული ოცნების“ იდეოლოგიით. უფრო მეტი აგრესიით გამოირჩევიან ოპოზიციის ყველა წევრის მიმართ. სამართლებრივად სურთ შეფუთონ, ის რომ საქართველოში დემოკრატიას კლავენ, რაც არის წარმოუდგენელი. როგორ უნდა შეფუთო სამართლებრივად ის ფაქტი, რომ ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს აღარ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება.

ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რომელიც რეალურად იქნება ანტისაოკუპაციო ხაზის მატარებელი, რეალურად ოპოზიციური და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის ყველას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.