ევროკავშირმაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ამაზე უფრო სათანადო კომენტარის გაკეთება მათ შეუძლიათ, მაგრამ მე ვიცი, რომ მათ ევროკავშირში ცხადად თქვეს, ისევე როგორც ჩვენ ცხადად ვთქვით, როდესაც საქმე საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ეხება, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა", - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მისივე თქმით, თბილისთან ურთიერთობების გადახედვა გრძელდება.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ ნებისმიერ დევნას, ამაზე ვსაუბრობთ ამდენი ხანი. ეს არგუმენტი მოვიყვანეთ კანონის მიღების დროს, რომ ის გამოყენებული იქნებოდა ლეგიტიმური დემოკრატიული უთანხმოების წინააღმდეგ დევნისთვის. ეს საქართველოს მთავრობის ქცევის სამწუხარო მაგალითია და ჩვენ ამის შეცვლისკენ მოვუწოდებთ", - განაცხადა მილერმა. 

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია.