საპროცესო, რომელსაც უკვე მერამდენედ იხვეწებიან, არ იქნება! თქვენ, მე მგონი, ვერ გაიგეთ, ამ ტყვეობიდან გათავისუფლების წამიდან ჩვენი გეგმები მკვეთრად პოლიტიკური იქნება, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

"20 თებერვალს გაიმართა ჩემი და ირაკლის სააპელაციო სასამართლო, რომელსაც არ დავესწარი. ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ არ გვინდოდა უნიჭო სპექტაკლში მონაწილეობა, ასევე იყო ალბათობა იმისა, რომ წარმოთქმულიყო სიტყვა "თქვენო ღირსებავ", რაც ჩემთვის ყოვლად ამაზრზენია, თუნდაც სხვის მიერ წარმოთქმული. ერთი, რაზეც დამწყდა გული, ბატონ სილაგაძეს ვერ ვკითხე, თუ რამდენ "გოჭიანი" საქმე იყო. ამის დროც მოვა.!! 

რაც შეეხება საპროცესოს, რომელსაც უკვე მერამდენედ იხვეწებიან, არ იქნება!! თქვენ, მე მგონი ვერ გაიგეთ, ამ ტყვეობიდან გათავისუფლების წამიდან ჩვენი გეგმები მკვეთრად პოლიტიკური იქნება და ძირითადად, მიმართული იქნება სამართლიანობის აღდგენისა და რეჟიმის მოსამართლეების, პროკურორების და მოღალატეების დასჯის კონტროლის მიმართულებით. ასევე, თითოეული დაზარალებულის, ეს იქნება პროტესტში მყოფი ადამიანი, თუ უსამართლოდ რეპრესირებულები - ყველასთვის კომპენსაციების გაცემით. ეს ყველაფერი თითქმის საკანონმდებლო დონეზე მაქვს მომზადებული, ისიც კი ვიცი, საიდან უნდა მოვიდეს  ამის რესურსი. არსებობს დრო "გოჭების შეგროვების" და "გოჭების დაყრის"... 

ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია!!

არალეგიტიმური აიათოლები და ჩინური პატენტები სულ მალე აღარ იქნებიან და საქართველო გააგრძელებს თავისი განვითარების ისტორიულ გზას. 

განსაკუთრებული მადლობა პროტესტში მონაწილე ყველა ადამიანს, კრიტიკული მედიის თითოეულ ჟურნალისტს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და შეძლებისდაგვარად გაერთიანებულ ოპოზიციას.

ასევე, მივმართავ რეჟიმის თითოეულ ტყვეს - მაგრად იდექით და სულ ცოტაც უნდა მოვითმინოთ.

გამარჯვება ჩვენია!

P.S. მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, ნურავის განიკითხავთ ე.წ. საპროცესო შეთანხმების გამო. ეს ინდივიდუალურია და ხანდახან იძულებითი გადაწყვეტილებაა, რაც დამოკიდებულია ბევრ გარემოებებზე.
ამ დიდ ბრძოლაში ყველა ადამიანს თავისი უნიკალური მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ან აქვს!!!", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.