სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს. არ ვიცი მომისმენენ თუ არა. ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ სუსში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დასასაბუთებელი მას სუსთან არაფერი აქვს.

"არ მჭირდება არანაირი სასამართლო, მით უმეტეს დამატებით სუსის კონტროლირებადი ერთი მოსამართლე ნამდვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ ამათ დაველაპარაკო. 

რაც შეეხება სათქმელს, სათქმელი ძალიან ბევრი მაქვს. არ ვიცი მომისმენენ თუ არა, უბრალოდ, თორემ ძალიან ბევრი მაქვს. მაგალითად, ის, რომ მიხედონ საქმეს. ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს, მათ აქვთ დასასაბუთებელი, რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით, იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს, როდესაც აქ ჰკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც თურმე მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად. ახლა წავიდნენ, ის 300-ვე ადამიანი გააკონტროლონ, იმიტომ, რომ ისინი თუ გაიფანტნენ ახლა მთელ მსოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული და არ იციან, ამათმა რა აქვთ მიღებული, აი, მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა თუ იქნება.

ჩემი განცხადებები რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით იყო სწორედ. რა დასაბუთება ამას უნდა, ღია წყაროებიდანაა. ტერორიზმია საფრთხე, როდესაც ტერორიზმის გამო სანქცირებული უნივერსიტეტი მუშაობს ამ ქვეყანაში, ესაა საფრთხე. ამას დასაბუთება არ სჭირდება. მე მგონია, რომ ლოგიკურ მსჯელობაზე და უკვე მომხდარი ფაქტების შედეგად გონივრულ ეჭვზე კანონი ჯერ არ აქვთ, ტროტუარზე დგომაზე - კი. წახალისებაა, როდესაც უსაფრთხოების სამსახური არ უშლის ასეთ ფაქტებს ხელს", - განაცხადა გივი თარგამაძემ.