იმის გამო, რომ პოლიტიკოსები ვერ მართავენ თავიანთ ნერვებს, ეგოებს და ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობენ, ახალგაზრდები თბილისში, ქუჩაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, - ამის შესახებ  "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ იქნება, რომ ცვლილებები მხოლოდ მშვიდობიანადაა შესაძლებელი, კიდევ უფრო მეტი ქაოსი და რისკები ექნებათ საქართველოს ახალგაზრდებს.

"იმის გამო, რომ პოლიტიკოსები ვერ მართავენ თავიანთ ნერვებს, ეგოებს და ერთმანეთთან ვერ ლაპარაკობენ, ახალგაზრდები თბილისში, ქუჩაში ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არის მთავარი გამოწვევა. 

იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლება არანორმალურად იქცევა, ამის გამო ჩვენ რა უნდა ვქნათ, ასობით ათას მოქალაქეს ოჯახის წევრებთან და ბავშვებთან ერთად ქუჩაში უნდა დავუძახოთ? ჩემი გადმოსახედიდან, ეს ჩვეულებრივი პროვოკაციაა. 

დღეს, რა თქმა უნდა, ხალხში არის ძალიან დიდი მოთხოვნა ცვლილებებზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ცვლილებებზე და არა არამშვიდობიანზე. დღეს ჩვენ დავდექით ისეთ პოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც "ოცნება" მშვიდობას უკავშირებს მხოლოდ თავის სახელს და მეორე მხრიდან კი ეს ბოიკოტისტი რადიკალები ამბობენ, რომ ცვლილებები მხოლოდ მათ სახელთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ორი ძალა ასე ემოციურად უპირისპირდება ერთმანეთს საქართველოს მოქალაქეების აზრისა და რისკების გათვალისწინების გარეშე. ჩვენ თუ არ შევთანხმდით, რომ ცვლილებები მისაღებია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ჩვენ კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ ამ ახალგაზრდებს და ჩვენს ქვეყანას ვწირავთ კიდევ დამატებითი ქაოსისა და რისკებისთვის.

ის, რაც ჩვენს ყველაზე დიდ მტერს და ოკუპანტს შეიძლება გავუკეთოთ, ეს შეიძლება იყოს არეულობა, დაპირისპირება, ქართველებს შორის რადიკალიზაცია და ერთმანეთთან დაჯახება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ვინმეს უნდა საქართველოში პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაცია და თუ ვინმეს ეს აწყობს, ეს არის, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაცია. როდესაც ჩვენ საქართველოს ან ბელარუსს ვადარებთ ერთმანეთს, უნდა გვესმოდეს, რომ კი, სამწუხაროდ, ჩვენ იმ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა პატარა ზომები და საშუალებები გამოხატვის თავისუფლების, რაც არ უნდა ვთქვათ, "ოცნების" ნებისმიერი გამოსვლები მთავრდება სიტყვებით - "ჩვენ მიგიყვანთ ევროკავშირში 2030 წელს" - და ეს ბერკეტები, სამწუხაროდ, მუშაობს და ერთი ინსტრუმენტი მაინც სანამ არის დარჩენილი საქართველოში იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით ვიბრძოლოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის, ყველა სხვა სცენარი ჩემთვის იქნება მიუღებელი იმიტომ, რომ ბოლო 30 წლის ისტორიამ ჩვენს სამშობლოს ანახა, რას ნიშნავს რევოლუცია და ძალადობა, ეს ჩვენს ქვეყანას დააკარგვინებს, მინიმუმ, 10 წელს და ჩვენ ეს დრო დასაკარგი არ გვაქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.