პროდასავლელებს ვგულშემატკივრობ. ვვარაუდობ, რომ ვნებები მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, ცრუ იმედები "ერის გამთლიანებაზე" ან სრული უიმედობა - "ჩვენ აწი ნამდვილად არაფერი გვეშველება" მალე გაიფანტება, - ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეალობა მრავალფეროვანია ქვეყანაშიც, რეგიონშიც და მსოფლიოშიც.

"თავიდანვე ვიტყვი, რომ საჯარო დისკუსიებში ჩართვას არც ამ და არც სხვა თემებზე არ ვაპირებ. სხვადასხვა მიზეზის გამო, დღეს ”რესპუბლიკური პარტია” არ/ვერ საქმიანობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე. შესაბამისად, ჩვენი ამბიციები და ოპოზიციაში ვინმეს მიმართ პრეტენზიები ნულის ტოლია. პროდასავლელებს ვგულშემატკივრობ.

ვვარაუდობ, რომ ვნებები მეტ-ნაკლებად ჩაცხრა, ცრუ იმედები "ერის გამთლიანებაზე" ან სრული უიმედობა -"ჩვენ აწი ნამდვილად არაფერი გვეშველება" მალე გაიფანტება. რეალობა მრავალფეროვანია ქვეყანაშიც, რეგიონშიც და მსოფლიოშიც. შესაბამისად, სამომავლო პერსპექტივებიც სხვადასხვაა.

ახლა, ჩემი მთავარი სათქმელი: (ათეული წლებია, ”რესპუბლიკელები” ასე ვფიქრობთ და პოლიტიკური აქტიურობის პერიოდში ამას სულ ხაზს ვუსვამდით საჯაროდაც - იარლიყები, შემოტევები ვერ გვაჩერებდა). პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს ეკლესიისგან და პირიქით - ეკლესიაც უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკის (არა მარტო სახელისუფლებო პოლიტიკის) მარწუხებისგან. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ქვეყანა, საზოგადოებაც ამ ამოცანის (ვერ) დაძლევის წინაშეა - იშვიათი გამონაკლისის გარდა, სულ ასეა და დომინანტი ძალები ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც ამ პოსტსაბჭოთა, არსით არადასავლურ სივრცეში რჩებიან. ეს ამ ბოლო დღეებშიც მკაფიოდ გამოჩნდა. ჩემი აზრით, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს არაეკლესიური ადამიანების ტექსტებში.
ქართველი ერის სინდისი დღეს სინდისის პატიმრებია. მთავარი ქართული პოლიტიკური ლეგიონის შექმნაც უახლოეს მომავალში სწორედ მათი მეშვეობით და ლიდერობით მესახება პერსპექტიულად. ამაზე მაშინ ვისაუბრებ და ვიაქტიურებ, როცა აქტუალური გახდება. ისინი არ ფარისევლობენ - ეს მაიმედებს. იქნებ, ახალ რეალობაში სინოდმაც, საპატრიარქომაც სცადოს როგორც სახელისუფლებო, ისე მთლიანად პოლიტიკისგან გათავისუფლებაც.
იქნებ, უახლოეს წლებში შეუქცევადი, ნამდვილი ნაბიჯები გადაიდგას (საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობით) ჩვენი პოსტსაბჭოთა რეალობის - ხელისუფლებაში შეზრდილი ეკლესიის დასაძლევად“, - წერს დავით ბერძენიშვილი.