ძალიან ბუნებრივი იყო საუბრების დაწყება ახალ თავმჯდომარეზე, ახალ კანდიდატურებზე, ახალ ხედვებზე, მათ შორის ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანის შემოსვლასთან დაკავშირებით ყველა ინფორმირებული იყო, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ შიდა არჩევნების შედეგად, თვითონ დელეგატები აირჩევენ, ვისი ხედვა მოეწონებათ.

"წინა ყრილობის მიერ მიცემული ორწლიანი ვადა იწურება, ამიტომაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივი იყო საუბრების დაწყება ახალ თავმჯდომარეზე, ახალ კანდიდატურებზე, ახალ ხედვებზე, მათ შორის ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანის შემოსვლასთან დაკავშირებით ყველა ინფორმირებული იყო, ამიტომაც, განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა საზოგადოებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შიდა არჩევნების შედეგად, თვითონ დელეგატები აირჩევენ, ვისი ხედვა მოეწონებათ და რომელი კანდიდატი იქნება მათთვის მისაღები. მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, მისი პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ შეიძლება არსებობდეს სხვა ხედვაც და სხვა კანდიდატიც პარტიის შიგნით", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარეობაზე მისი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ გამოწვევას გაუმკლავდეს.