აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაეთანხმა "დიდი შვიდეულის“ ლიდერებს, რომ რუსეთის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების სერიოზული სურვილი არ არსებობდა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ინიციატივა გამოიჩინეს და მინდა, ჩემი ქება გამოვხატო მათი მიმართ. მათ თქვეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, რადგან ამის შესაძლებლობა ჰქონდათ“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სურს შეაქო აშშ-ის ძალისხმევა რუსეთთან დიალოგის დასამყარებლად, თუმცა ამ ძალისხმევას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და აგრესორი ქვეყნის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. 

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპელი ლიდერებიც გაერთიანდნენ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის.

"რა მოხდა? არაფერი. შემდეგ კი ზელენსკიმ (უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ) ასევე თქვა: „მეც მზად ვარ. მზად ვარ რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად სრულფასოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოო“. რა თქვა პუტინმა? "არა. არ მოვალ. იქამდე ჯერ თქვენ უნდა დანებდეთ“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპი ეთანხმება დიდი შვიდეულის ლიდერებს, რომ „რუსეთის მხრიდან არ არსებობს სერიოზული სურვილი, აწარმოოს სამშვიდობო მოლაპარაკებები ან საერთოდ მოლაპარაკებები“.

"ყველანი შევთანხმდით, რომ უკრაინამ წინააღმდეგობა გაცილებით უკეთ გაუწია, ვიდრე ზოგიერთს ეშინოდა და რომ რუსეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. და ყველანი შევთანხმდით, რომ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - განაცხადა მაკრონმა.