იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ლევილში ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა“ განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები და ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა, თუმცა დღეს ეს ორგანიზაცია ცდილობს, რომ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს.

"იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან. ყველამ კარგად იცის, რა საქმეზეა საუბარი - იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, წარმოიდგინეთ, რომ ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა. არაფერს აღარ ვამბობ კონკრეტულ ფუფუნების საგნებზე, სახელმწიფო თანამდებობის პირების დასვენებაზე, სხვადასხვა კურორტზე ქვეყნის გარეთ. წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი შემთხვევა რომ მოხდეს დღევანდელ დღეს, რა ჯანსაღი უარყოფითი რეაქცია ექნებოდა ამაზე საზოგადოებას. დღეს ეს პარტიული ორგანიზაცია კადრულობს და ცდილობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - განაცხადა კობახიძემ.